RSS

სიკვდილის ქრონიკა

20 იან

მოხუციგზაზემიმავალი

მე არ მოვკვდები ღმერთის ნებით, არც ეშმაკის ახირება იქნება ჩემი აღსასრული. მე არ მოვკვდები ღრმა სიბერეში თბილ საწოლს მიჯაჭული, არც მწუხარე სახეები გამაცილებენ უკანასკნელ გზაზე. არც თვითმკვლელობა, არც არაფერი მსგავსი, ამგვარი საქმისთვის ძალზე თავმოყვარე ვარ. არც ღამის წყვდიადში ჩამაძაღლებს ვინმე, ტალახში ამოსვრილ ლულას არ მომაბჯენენ შუბლზე. ჩემნაირები არ კვდებიან, ჩემნაირებს მხოლოდ ასამარებენ…

უკვალოდ განვლილი წლების მერე, მაინც გადახედავენ შრომის წიგნაკს. მშობლიურ ქალაქში დაგზავნიან ორიოდე კაცს, ჩემი სახელით დაბადებულზე დასტურის მისაღებად. გარდაცვალების მოწმობა ცარიელი გრაფებით. ჩანიშნავენ მხოლოდ სიკვდილის თარიღს – 13 ნოემბერი. ალბათ არც ეცოდინებათ თუ როგორ მიყვარდა შემოდგომა და რიცხვი ცამეტი. თუმცა მაინც ვნატრობდი აღსასრულს თოვლიან დილას. ზამთრის სიცივეს რომ აევსო ჩემი ცარიელი სხეული. გაზაფხულამდე რომ დაეღრღნათ მშიერ ბინადართ ჩემი ძვალ–რბილი თეთრ საფარში დამალული, დამალული ჩემი მსგავსი არსებების თვალთაგან…

უცერემონიო პანაშვიდი. სხეული ინახება პოლიციელის საბარგულში, სანამ გულის ძგერა არ შეწყდება, სანამ მათი სტანდარტებით არ მეწევა სიკვდილი. თავის უდაბნოში მიმავალი ბერი გზად ჩემი ამბის მომსწრე თავად იტვირთავს ჩემს გასვენებას. მარტოდ მიათრევს ტყის ბილიკებზე ცოდვილის ნაშთებს. ნაწვიმარ მიწაში ეფლობა მისი უხეში ჩექმები. უკანასკნელი ადამიანის ნაკვალებს დავცქერი მწუხარებით, თავად უნაკვალოდ რომ გავცვითე ცხოვრების მონაკვეთი. და არც ახლა იბადება რამე აზრი ხელმეორედ დაბადებით რამის შეცვლა რომ მოხერხდეს. გარემოს დეფექტი ვიღაცისთვისთვის განსხვავებული, ვიღაცისთვის შეუმჩნევი…

დაჟანგული დანა ნელ–ნელა ამოჩიჩქნის ატალახებულ მიწას. ბოხი ხმით ლოცვა ეუცხოვა სმენას. გონების უსუსურობა მოედო გულსაც. ბედის სტრიქონები დარჩა შეუცნობელი. ბერი ალბათ სამოთხისკენ გზას მიკვალავს, ალბათ უშედეგოდ. არც ერთ ქვეყანას არ ენდომება სულით მკვდარი მეომარი… და ისევ წყვდიადი. თითქოს ყველაფერი გავიაზრე, მაგრამ მაინც ვერ შევერწყე რეალობას. ქმედება დამაგვიანდა, დამასამარეს. შემოდგომის წვიმა ძნელად აღწევს ჩემს სხეულამდე… დრო მოვა და ჩემნაირებიც მოკვდებიან, მანამ კი სხვისი ჯერია.

 

ტეგები: , ,

დატოვე კომენტარი

 
airskyesrainer.wordpress.com/

Life is balance of holding on and letting go ~ Rumi

Dead Sun Side

And only the Norther blows

Nancy's Blog

ბლოგი მელანქოლიის არომატით

holidayingeorgia

ВСЕ САМОЕ ИНТЕРЕСНОЕ О ГРУЗИИ

Wizard Of Oz

გოგონა, რომელიც წყალზე ისე დადის ნაკვალევს არ ტოვებს ©